საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ ცესკო-ში საარჩევნო სიასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი დარღვევების გარეშე შეიტანა.
„არაფერი შეცდომა ჩვენ არა გვაქვს. რაც შეეხება ხარვეზებს, იყო კომპიუტერული ხარვეზი, რომელიც სიის ამობეჭდვის დროს მოხდა. კანონმდებლობის მხრივ ჩვენ არანაირი ხარვეზი არ გვქონია. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომლის ადასტურებს, რომ ჩავაბარეთ აბსოლუტურად ყველაფერი. ახლა მოკვლევა უნდა ჩაატაროს ცესკო-ს თავმჯდომარემ. ამის შემდეგ თუ იქნება უარყოფითი დასკვნა, ჩვენ წავალთ სასამართლოში და ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ცესკო დაუბრუნდეს 2000-იანი წლების ცესკო-ს, როდესაც ღმერთმა უწყის, რა ხდებოდა”, - განაცხადა ტყემალაძემ.
ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო ბლოკს "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" რეგისტრაცია გაუუქმდა, რადგან დოკუმენტაციას საარჩევნო სია არ ახლდა.
ამ დროის მონაცემებით, ცესკო-ში რეგისტრირებულია 27 სუბიექტი, რომლებმაც მაჟორიტარული და პარტიული სიები წარადგინეს.