პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ინფორმაცია ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კონგრესში გამართული კენჭისყრისას დოკუმენტს 410-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი მხოლოდ 6 იყო.

რეზოლუცია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის მიერ არის ინიცირებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონგრესმენები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციასა და ოკუპაციას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და პოლიტიკისგან, რომელიც საქართველოს  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ამერიკელი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ.

ამასთან, დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებში, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ.