წინანდლის ქ. №9-ში მდებარე "თბილისის გინეკოლოგიურ კლინიკას" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყიდის.
სამინისტროს ინფორმაციით, პირობებიან აუქციონზე, კლინიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილს გამოიტანენ. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 350 000 ლარია.
აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის ახალი მფლობელი ვალდებულია კლინიკას პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.სამინისტროში დაინტერესებულ პირთა განაცხადები 21 იანვრამდე მიიღება. აუქციონი ამავე დღეს, 17:00 საათზე, გაიმართება.
კლინიკის პერსონალი უკვე ყველაფრის საქმის კურსშია. საქინფორმის კორესპონდენტს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი ესაუბრა:
"ჩვენ აქ მომუშავე პერსონალი ამ ყველაფრის საქმის კურსში ვართ და ვიცით, რაც ხდება, გვითხრეს, რომ აუცილებელი პირობა აქვთ, რომ კლინიკას 7 წელი პროფილი არ შეუცვალონ, მაგრამ მეშინია, ეს მხოლოდ დაპირებად არ დარჩეს. უბრალოდ, ახლა ჩვენი აბუნტება არ აწყობთ და მგონია, რომ გვაჩუმებენ. ერთ დღესაც რომ მითხრან, ექიმები აღარ გვინდა, აქ უკვე სამშენებლო კომპანიააო, ვის მოვთხოვო პასუხი? ან 7 წლის მერე აღარ მენდომება სამსახური თუ როგორ არის საქმე? ამათ ხელში 7 წელიწადში უმუშევრობა ნამდვილად გარანტირებული მაქვს".