საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი თემები.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა თანდათან უფრო ვითარდება და ამაზე ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, ხოლო საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი.
საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დაიშურებს.