საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა.
“გენერალ ჰოჯესთან მიმოვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, დაკავშირებული თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან და ჩვენი შესაძლებლობების გაზრდასთან. ასევე ვისაუბრეთ პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას. აშშ-სთან ერთად ახლო მომავალში დავიწყებთ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას წვრთნების პროგრამებისთვის, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. ამისთვის უკვე კონკრეტული ამოცანებიც დავსახეთ, მომავალ წელს თუ როგორ იქნებიან აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩართული მზადყოფნის პროგრამაში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.