პუბლიკაციები
ლევან იზორია: ჩვენი სტრატეგიული არჩევანია ვიყოთ ნატოს წევრი ქვეყანა

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ სასტუმრო „თბილისი რუმსში“ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ვარშავის სამიტის შედეგები შეაჯამა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 „ჩვენი სტრატეგიული არჩევანია ვიყოთ ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არჩევანი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. ეს არის საქართველოში მყოფი თითოეული ადამიანის ღირსეული არსებობის საფუძველი. თანამედროვე დასავლურმა ცივილიზაციამ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნით უზრუნველყო ამ ქვეყნების მოქალაქეების ღირსეული არსებობა. სწორედ ამიტომ, ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი ეროვნული თვითრეალიზაციის პროცესი. ეს არის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ამ უსაფრთხოების წესებზე დაფუძნებულ უსაფრთხოების სისტემაში გაწევრიანებასთან. ევროპის გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიაში ცალსახად არის გაწერილი იმის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს ნატოს გაფართოების პოლიტიკა. იმ გამოწვევებმა, რომლის წინაშეც ევროპა დღეს დგას მოწმობს ერთს, რომ თუ მეზობელია უსაფრთხოდ, თუ მეზობელ ქვეყანაში არის დემოკრატიული განვითარება მაშინ ეს უსაფრთხოება ევროპაშიც უზრუნველყოფილია,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერებთან ერთად კონფერენციას ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები და საქართველოს ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. საერთაშორისო კონფერენცია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დახურა.

 „მე სრულად მესმის საქართველოს მისწრაფების, იყოს ისეთივე ძლიერი, როგორც ნორვეგია და ბევრი სხვა ქვეყანაა. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ნატო საქართველოს წავიდეს წინ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. იგივეს ვიტყვი საქართველოსთან მიმართებაში, რაც ავღნიშნე ვარშავის სამიტზე - დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში. საქართველოსთვის ჩემი მთავარი რჩევაა გააგრძელოს ყველა რეფორმა. ჩვენ უკვე ვნახეთ მართლაც სათანადოდ გატარებული რეფორმები, დიდი პროგრესი თავდაცვისა და უსაფრთხოების, საარჩევნო თუ კონსტიტუციური რეფორმირების გზაზე. მთავარი საკითხი სამართლებრივი კუთხით რეფორმირებაა. ჩემი მთავარი რჩევაა საქართველომ კვლავ გააგრძელოს რეფორმირების პროცესი. ნატოსთვის ფუნდამენტურად პრინციპულია, რომ ყველა სუვერენულმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფომ თვითონ აირჩიოს კურსი, მათ შორის თუ რა უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ სურს მას გაწევრიანება. ეს ყველა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელწმიფოს ფუნდამენტური უფლებაა. გახდება თუ არა საქართველო ალიანსის წევრი - ეს მხოლოდ ნატოს 29 წევრი ქვეყნისა და საქართველოს გადასაწყვეტია,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა, რომელშიც მონაწილეობენ გამოცდილი ლიდერები პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასავლეთ ევროპიდან, საქართველოდან და ევრო-ატლანტიკური გაერთიანებიდან. ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს ვარშავის სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და სხა ფრონტისპირა ქვეყნები. კონფერენციაზე ისეთ საკითხებზე ისაუბრებენ როგორიცაა: საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება, ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში, დემოკრატია საფრთხის ქვეშ და რეგიონული პერსპექტივა, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, რუსეთის საფრთხე და ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები.

 ორდღიანი კონფერენციის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება.