საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. 7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 9 ათას ტონამდე ყურძენი. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლის სახით 7,3 მლნ ლარი მიიღეს.
„რთველი, ფაქტობრივად, დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია. სიღნაღში დაკრეფილია და გადამუშავებულია მოსავლის ნახევარზე მეტი. ყურძენი სიმწიფეში ნელ-ნელა უკვე შედის გურჯაანის მუნიციპალიტეტში. კერძო ღვინის ქარხნები ელოდებიან ყურძნის დამწიფებას და მზად არიან მიღება-გადასამუშავებლად. იმ შემთხვევაში, თუ მაინც დარჩა ჭარბი ყურძენი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ გადაამუშავებს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნებიც მზადყოფნაშია ყურძნის მისაღებად. გასული წლის მსგავსად, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება”, - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.
ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 82 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 20-მდე ღვინის კომპანია.