აქტუალური
სემგს-ში მორიგი აუქციონია

auqcioniდღეს, 10 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (სემგს), სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, მორიგი აუქციონი იმართება.

სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გარდაბნის, ამბროლაურის, მცხეთის, თეთრიწყაროს, ხარაგაულის, თერჯოლის, სამტრედიის, ყვარლის, ჩხოროწყუს, მესტიის, თელავის, დმანისის, წყალტუბოს, ტყიბულის, დუშეთის, ოზურგეთის, გორის, ბორჯომის, საგარეჯოს, ზესტაფონის, ხონის, ხობის, ახალქალაქის რაიონებსა და რუსთავის, ქუთაისისა და თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული 33 ობიექტი არის გატანილი.

სასარგებლო წიაღისეულს შორის არის ქვიშა-ხრეში, კირქვა, მიწისქვეშა მტკნარი, თერმული, წყაროსა და მინერალური წყლები, ვულკანური ფერფლი, ტეშენიტი, ბაზალტი და მანგანუმი. ლიცენზიების მოქმედების ვადა 5, 10, 15, 20 და 25 წელია.

ყველაზე ძვირადღირებულია ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში არსებული თერმული წყლის თბოენერგეტიკული დანიშნულებით მოპოვების ლიცენზია. მისი საწყისი გასაყიდი ფასია 49 548 ლარი, მოქმედების ვადა კი – 25 წელი.