საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც, კერძოდ, განაცხადა:
“ახლახან დავბრუნდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, სადაც სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი და მინდა, გამოვეხმაურო ბოლოდროინდელ ფაქტებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება.
პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დემურ სტურუას გარდაცვალების გამო. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი მოქალაქის უფლებების ხელყოფას. იმ შემთხვევაში, თუკი სამართლდამცველთა მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს. რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური. მაგრამ მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევების გამო მთელ პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ. უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადება მთელი სამინისტროს მასშტაბით. დიახ, ადამიანებმა, რომლებიც შეგნებულად უტევენ ამ ინსტიტუტს, ძალიან კარგად იციან, რომ პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების ფუნდამენტია და მისი დაკნინება შეასუსტებს თავად ქვეყანას.
გარდა ამისა, ჩვენს წინ ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა: ჩვენ უნდა შევძლოთ
მოახლოებული არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ხაზგასმით ვაცხადებ, პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის!”.