სამართალი
„წარმოდგენილი „დოკუმენტი“ არის ნაციონალური მოძრაობის მორიგი სიყალბე“ – ქიბარ ხალვაში

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ქიბარ ხალვაში განცხადებით, „რუსთავი 2“–ის ეთერით გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს “ხელთ ჩაუვარდა“ მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის შეთანხმების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი, არის სრული სიყალბე.

 „რუსთავი 2“–ის „აღმოჩენა“ დროში ზუსტად ემთხვევა ჩემი კუთვნილი ქონების დაბრუნებისთვის მიმდინარე სამართლებრივი პროცესის უზენაეს სასამართლოში განხილვის დაწყებას. ჩემს მიდგომას, რომ საქმე განხილულ იქნეს ცივილურად, სასამართლოს მეშვეობით, ნაციონალური მოძრაობა (ამ ცნებაში ვაერთიანებ მიხეილ სააკაშვილს, „რუსთავი 2“–ის დღევანდელ მენეჯმენტს და ირაკლი ოქრუაშვილსაც) უპირისპირებს სიყალბეს, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და ზეწოლას უზენაეს სასამართლოზე.
რაც უნდა მოიხარშოს ნაცმოძრაობის ადუღებულ თავში, „რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში ისინი შედეგამდე ვერ მივლენ. პირველივე დღიდან მოყოლებული, და ეს 2012 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო, დავას ვაწარმოებ ცივილური, სამართლებრივი გზებით. ამ გზებით მივალ კიდეც საბოლოო გამარჯვებამდე“,
– აცხადებს, კერძოდ, ქიბარ ხალვაში.