პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში" - თამარ ჩუგოშვილი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ჩუგოშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მცდელობაში ადანაშაულებს.

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, თავის ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირებების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალას, არამედ ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 „ქართული ოცნების“ ამ ბრალდებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უპასუხეს.

 „ძალიან სამწუხაროა, რომ ქართულ ოცნებას, რომლის წაგება არჩევნებში არის ფაქტობრივად გარანტირებული, გადაწყვეტილი აქვს, რომ აბსურდული ბრალდებებით წარმართოს წინასაარჩევნო პროცესები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.