საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო შტაბში ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და რაიონის ახალგაზრდების ჯგუფს შეხვდა. გიორგი ვოლსკი მათ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა.
„ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი, რომელსაც გააჩნია ღირსება, კაცთმოყვარეობა და პროფესიონალიზმი. ჩვენთვის უმაღლესი ღირებულება ადამიანია. ვფიქრობ, თქვენ გაქვთ სწორი პოლიტიკური ხედვა და ღირსეულ პოზიციაზე დგახართ. ამიტომ მე თქვენ ღირსების რაინდებს გიწოდებთ”, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას, დემოგრაფიულ საკითხებს, ჯანდაცვის პროგრამებსა და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შეეხო.
გიორგი ვოლსკიმ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩიტაიას, ფიროსმანის, არაგვისპირელის, ქვლივიძის ქუჩებსა და კუკიის სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. ჩიტაიას ქუჩის ბინადრებს გიორგი ვოლსკი და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი ერთად შეხვდნენ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რაიონის მოსახლეობასთან ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო ჩუღურეთის რაიონში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ-კომუნალურ პრობლემებს.