სამართალი
უფლებადამცველები პოლიციის მიერ აქციის დაშლის გარმოებების სრულ გამოძიებას მოითხოვენ

aqcia-dashlaადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა 6 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს მიმართეს თხოვნით დაიწყოს პოლიციის მიერ 3 იანვარს გმირთა მოედანზე ვეტერანთა შიმშილობის აქციის "უკანონო“ დაშლის გამოძიება.

ერთობლივი მიმართვა, რომელიც, ძირითადად, სახალხო დამცველის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებების მსგავსია, შეიცავს მთელ რიგ სამართლებრივ არგუმენტებს იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ კანონის ფარგლებში მიმდინარე აქციის დაშლა უკანონო იყო. მიმართვაში ნათქვამია, რომ პოლიციელების ქმედებებით, მათ შორის მომიტინგეების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, დაირღვა სისხლის სამართლის კოდექსის 161–ე მუხლი, რომელიც შეკრების ძალადობით ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ ხელის შეშლას ეხება.

მიმართვას 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის საია; ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო; ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო; კონსტიტუსიის 42–ე მუხლი; მრავალეროვანი საქართველო; ასოციაცია სამართალი და თავისუფლება; ქართული ლეგიონი; ლევან მიქელაძის ფონდი; მედია კლუბი; მიმართვას ასევე შეურთდა ჟურნალი "ლიბერალი“.

5 იანვარს ოპოზიციურმა ქართულმა პარტიამ პროკურატურას გმირთა მოედანზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების და იმ პოლიციელის "დასჯის“ მოთხოვნით მიმართა, რომელიც აქციის დაშლის დროს ქართული პარტიის აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლა პოლიციელი ოთარ გვენეტაძე, რომელმაც, სამინისტროს თქმით, ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლის დროს „ეთიკის კოდექსის ნორმები“ დაარღვია.

6 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში „დადებითად აფასებს ამ გადაწყვეტილებას“, თუმცა დასძენს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელია სხვა გარემოებებიც.

"კერძოდ, აუცილებელია დადგინდეს რის საფუძველზე ითხოვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის შეწყვეტას; ფიზიკური დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდათ დაკავებულ პირებს... ვის მიერ იქნა მიყენებული, რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფებოდნენ ადგილზე სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები, რომლებიც რიგ შემთხვევაში აკავებდნენ აქციის მონაწილეებს, შეფასდეს აღნიშნული ფაქტის გარშემო არსებული გარემოებები, რათა დადგინდეს არის თუ არა სახეზე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.