საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილისადმი გამოგზავნილ წერილში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს ორმხრივი ეკონომიკური ინიციატივების წარმატებას.
„მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი თბილისში ვიზიტის დროს თქვენ მიერ გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისა და უშუალო და ხანგრძლივი საუბრისათვის. ეს ვიზიტი ჩემთვის იყო გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის გამოხატულება. ძალიან მიხარია ორმხრივი ეკონომიკური ინიციატივების წარმატება და ის ფაქტი, რომ აქტიურად მიმდინარეობს მზადება 2017 წელს გერმანია-საქართველოს წლის აღსანიშნავად და 2018 წელს დაგეგმილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის. აღნიშნული ღონისძიებები კიდევ უფრო დააახლოებს გერმანელ და ქართველ ხალხს.
შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ მაქსიმალურად დავუჭერ მხარს - როგორც გერმანიაში, ასევე ევროკავშირში - საქართველოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებასა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის სწრაფად დასრულებას“, – ნათქვამია, კერძოდ, შტაინმაიერის წერილში.