პუბლიკაციები
“საქართველოს გამთლიანების საკითხის მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოხდება შეთანხმება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის” - ჯუმბერ კირვალიძე

  საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე საქართველოს  გამთლიანებას "გარანტირებულ ნეიტრალიტეტში" ხედავს და  არა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის "უბლოკო სტატუსში" 

"საბედნიეროდ, წინასაარჩევნოდ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქტუალური გახდა ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებაზე მსჯელობა, რაც უწინარესად გამოიწვია ნ. ბურჯანაძის მიერ გახმოვანებულმა ინიციატივამ "უბლოკო სტატუსის" შესახებ.

თავშივე მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს მხრიდან "უბლოკო სტატუსის" მიღება, ანუ დასავლეთთან შეთანხმების გარეშე მისი "ცალმხრივი თვითგამოცხადება", პირდაპირ ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ წარმოებულ "არაღიარების" პოლიტიკას, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომელთა "დამოუკიდებლობა ნაღიარები" აქვს რუსეთს. არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ დასავლეთის არაღიარების პოლიტიკის წყალობით, ბლოკირებულია სხვა სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ამ ორი რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარებები".

 საქმე ის გახლავთ, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი ამ პრობლემის სირთულის და ხნოვანების გათვალისწინებით, საქართველოს გამთლიანების საკითხის მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოხდება შეთანხმება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მუხლჩაუხრელად, თანაბრად უნდა იღვაწოს ორივე მიმართულებით. ეს პარიტეტია დასაცავი, არცერთი მილიმეტრით არ უნდა გადაუხვიოთ მას, არც აშშ-სკენ და არც რუსეთისკენ, თორემ არაფერი გამოვა, ანუ საქართველოს ვერ გავამთლიანებთ.

 დიახ, მარტივად რომ ვთქვათ, ვაშინგტონმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რას ვსაუბრობთ მოსკოვში და პირიქით, მოსკოვმა ზუსტად უნდა იცოდეს საქართველოს ხელისუფლების ნასაუბრები ვაშინგტონში, ანუ სრული ღიაობაა საჭირო, სხვაგვარად, მოლაპარაკების პროცესს დაბლოკავს, როგორც ერთი ისე მეორე.

 მოკლედ, იმისათვის, რომ საქართველომ დაძრას ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან, აუცილებელია შემდეგი პოლიტიკური ინიციატივა. - საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, წინადადებით (თხოვნით?!) უნდა მიმართონ აშშ–ის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს იმის თაობაზე, რომ ამერიკა და რუსეთი (ევროკავშირის და გაეროს აქტიური მონაწილეობით) გახდნენ საქართველოს ნეიტრალიტეტის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტები (გარანტორები)!" --- საქართველოსთვის ამ ურთულესი პრობლემის სხვაგვარი პოლიტიკურ-სამართლებრივი და დიპლომატიური გადაწყვეტა არ არსებობს, რადგანაც ყველა სხვა შემთხვევაში, საქართველო ან სახელმწიფო სუვერენიტეტს ვერ შეინარჩუნებს ("უბლოკო სტატუსი"), ანაც ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს საბოლოოდ დაკარგავს (ნატო-ზე ორიენტაცია)", - აცხადებს კირვალიძე.