არჩევნებთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შექმნა საიტი chemikhma.ge, სადაც შეგიძლიათ მარტივი გამოკითხვის შედეგად გაარკვიოთ, თუ რამდენად ემთხვევა თქვენი შეხედულებები პარტიების პოზიციებს ამა თუ იმ საკითხზე.
არ გეგონოთ, რეკლამას ვუკეთებდე ამ საიტს. უბრალოდ, სახალისოდ, მეც გავიარე ეს ტესტი და ფრიად საინტერესო რამ აღმოვაჩინე - რამდენიმე პარტია ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას საზოგადოებისთვის ზოგიერთ მწვავე საკითხზე.
მაშ, ასე:
ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეა: „რესპუბლიკური პარტია“ და „გირჩი“.
LGBT პირების მიერ პარადის ჩატარების მომხრეა (ზემოთ დაფიქსირებული პასუხიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა) „რესპუბლიკური პარტია“ და „გირჩი“, და ამ კონკრეტულ საკითხში მათ უერთდებიან „თავისუფალი დემოკრატები“, „ნაციონალური მოძრაობა“ და, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, „ეროვნული ფორუმი“.
შემდეგი, რასაც ყურადღება მივაქციე, ბავშვებისთვის ე.წ. სექსუალური განათლების საკითხია.
სკოლებში სექსუალური განათლების საგნის შემოღების მომხრეა „თავისუფალი დემოკრატები“, „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „გირჩი“ და, კვლავ, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, „ეროვნული ფორუმი“.
ასევე აღსანიშნავია რამდენიმე პარტიის პოზიცია სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ:
კითხვაზე „უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით?“ – „გირჩის“ პასუხია ერთმნიშვნელოვნად „არა“.
„გირჩთან“ ერთად მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეა „რესპუბლიკური პარტია“.
გენმოდიფიცირებული საკვების აკრძალვის წინააღმდეგი, და ასეთი საკვების სპეციალური ეტიკეტის გარეშე გაყიდვის მომხრე არიან „თავისუფალი დემოკრატები“ და „გირჩი“.
P.S. თუ რომელი პარტიის პოზიციებს დაემთხვა ჩემი ხედვები უფრო მეტად, დასახელებისგან თავს შევიკავებ. იმას კი აღვნიშნავ, რომ საიტზე მოცემული შვიდი პარტიიდან ბოლო ადგილი „გირჩმა“ დაიკავა - სამი კატეგორიის კითხვარში ამ პარტიის ხედვებთან დამთხვევა 0 პროცენტია, ანუ თავად „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ კი პასუხებში უფრო მეტი თანხვედრა მაქვს, ვიდრე „გირჩებთან“.
„გირჩები“ კი არჩევნებზე პაატა ბურჭულაძის პარტიის განუყოფელ ნაწილად მოგვევლინა და თავად „ბანმაც“ განაცხადა, რომ მათი შეერთებით მისი პარტია საგრძნობლად გაძლიერდა.
„ბურჭულაძის სახელმწიფო“ საიტზე არსებულ პარტიების ჩამონათვალში არ არის, მაგრამ თუკი ლოგიკის ჯაჭვს მივყვებით, „მსოფლიო ბანის“ მოსაზრებები „გირჩებისას“ უნდა ემთხვეოდეს - ანუ თავად პაატა ბურჭულაძე და მისი პარტიის წევრები, ასევე „ახალი მემარჯვენეები“ მამუკა კაციტაძის თავკაცობით (რომელთაც ბურჭულაძის პარტიასთან და გირჩებთან მჭიდრო ალიანსი აქვთ), მომხრე არიან ერთსქესიანთა ქრაწინების დაკანონების, ბავშვებისთვის სკოლებში სექსუალური განათლების საგნის შემოღების, მარიხუანის ლეგალიზაციის და, რაც მთავარია, სურთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით არ სარგებლობდეს.
ასე რომ, კეთილი იყოს, ბატონო პაატა, თქვენი მიბრძანება საოპერო ხელოვნებიდან რკოების, უკაცრავად, გირჩების რიგებში.