საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, 2013 წლის შემდეგ რუსული პროპაგანდა გაძლიერდა როგორც მედიაში, ისე პოლიტიკაში. ისინი ამის მიზეზად ხელისუფლების პოლიტიკას ასახელებენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, საზოგადოებაში პრორუსული განწყობის გაძლიერებამ, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერების თაობაზე IDFI-ის ანგარიშს იზიარებენ ექსპერტებიც. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან პრორუსულ მედიას ფინანსური მხარდაჭერაც ჰქონდეს.
"პოლიტიკურ სპექტრში რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ იპოვა ძალიან კარგი დასაყრდენი. ვხედავთ, რომ ღიად და აშკარად ხდება ისეთი საკითხების წამოწევა, რომელიც ცოტა ხნის წინ საერთოდ წარმოუდგენელი იყო, მათ შორის სრული აბსურდი უბლოკო სტატუსისა, ასევე რუსეთის სამხედრო ბაზები - ეს ყველაფერი ერთი მთლიანი რუსული სტრატეგიის ნაწილი არის", - აცხადებს ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელი ბათუ ქუთელია.
„ხშირად, სამწუხაროდ, ამას მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ახალისებს, როგორც განცხადებების, ასევე ფინანსური კუთხითაც", - აცხადებს მედიის განვითარების ფონდის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი.