პოლიტიკა
„ჩვენ გვჭირდება აზერბაიჯანთან ერთად უნისონში მოქმედება“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ რასიზადესთან განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის ძალიან ბევრი საკითხი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტები, რომლებსაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა - ეს არის სამხრეთის გაზის დერეფანი, ანუ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტი, რომლის მიმდინარეობაზეც ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობაზე, განვიხილეთ ერთიანი სატარიფო სისტემის შემუშავების საკითხი ჩვენს ლოგისტიკურ დერეფანში. ასევე ვისაუბრეთ ახალი ტვირთების დამატების შესაძლებლობებზე, მათ შორის, როგორც ჩინეთიდან, ასევე ინდოეთიდან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ შეუქმნის საფრთხეს ტრანსანატოლიური გაზსადენის პროექტს რუსეთისა და თურქეთის მოლაპარაკებები შემაერთებელი გაზსადენის საკითხზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არც ტრანსანატოლიურ და არც ტრანსადრიატიკულ გაზსადენს არაფერი ემუქრება.

 "მოპოვებიდან დაწყებული, რეალიზაციით დამთავრებული, იქ ყველაფერი დალაგებულია. ამიტომ ამ სურათს ვერაფერი შეცვლის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 "ვნახოთ, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები რუსეთსა და თურქეთს შორის. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება შეუძლებელია", - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.