საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. იაპონიის ხელისუფლება პრიორიტეტულად მიიჩნევს ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას შორეული აღმოსავლეთისთვის, კურილიის კუნძულების გარშემო ტერიტორიული დავის მიუხედავად. ამის შესახებ The Japan Times-ის წყარო იუწყება.
იაპონია ეკონომიკურ დახმარებას აღმოუჩენს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს იმ პირობებშიც კი, როცა ტერიტორიული დავა კურილიის კუნძულების თაობაზე ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება აღმოსავლეთის ორდღიანი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომელიც ვლადივოსტოკში 2 და 3 სექტემბერს გაიმართება. ამ შეხვედრაზე იაპონიის პრემიერი დაადასტურებს ტოკიოს მზაობას, ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს შორეულ აღმოსავლეთს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენმა უწინდელმა პოლიტიკამ ვერ მოიტანა პროგრესი ტერიტორიულ მოლაპარაკებებში, ამიტომ უნდა შევცვალოთ სააზროვნო სტრატეგია“, - განუცხადეს The Japan Times-ს იაპონიის მთავრობაში.
8-პუნქტიანი დახმარების პროგრამის ნაწილი, რომელიც აბემ პუტინს ამა წლის მაისში გააცნო, უკვე 2016 წლის შემოდგომით განხორციელდება.