პოლიტიკა
ცესკოს განცხადება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის შესახებ

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ცესკო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიზნებისთვის როგორც საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალა, ისე საერთო ეროვნულ ან/და ადგილობრივ მაუწყებელებში განთავსებული ფასიანი და უფასო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს იმ რიგით ნომერს, რომლის გამოყენების უფლება შესაბამის საარჩევნო სუბიექტებს აქვთ  მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩატარდება წილისყრის პროცედურა ყველა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისთვის და გამოიცემა რიგითი ნომრების შესახებ ცესკოს განკარგულება.

 სოციალური და სხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ზემოაღნიშნული წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ, როგორც ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“-ს, ისე ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ.

 მოვუწოდებთ აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს, გაითვალისწინონ - ისინი, როგორც რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ვალდებული არიან, დაიცვან საკანონმდებლო მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო ასეთ ფაქტებს განიხილავს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევას“.