საზოგადოება
„ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ლარის დასტაბილურებას, არის ფულადი გზავნილები უცხოეთიდან“ - აფბა

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმეთა ასოციაცია – აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი  ეროვნული ვალუტის კურსის ბოლოდროინდელ ცვალებადობას აფასებს.

 „ბოლო ერთთვიან პერიოდში ეროვნული ვალუტა 3%–ზე მეტით გამყარდა და დღეისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.28 ლარია. ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ლარის დასტაბილურებას, არის ფულადი გზავნილები უცხოეთიდან. 2016 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 100.7 მლნ დოლარი, ანუ 235.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.4 %–ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტურიზმის სექტორმა. რომლიდანაც, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, შემოსავლები წლის ბოლოსთვის 2 მლრდ დოლარს გადააჭარბებს.

 აბსურდული განცხადებები, რომ თურმე სტაბილური ვალუტის კურსი ცუდია, მომავალში კრახს და სებ-ის რეპუტაციის შელახვას გამოიწვევს, უბრალოდ გაუგებარია. ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია ფინანსური სტაბილურობა, ხოლო ეს წამოუდგენელია ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის გარეშე“, - აღნიშნავს პაატა ბაირახტარი.