საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
“ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული, წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობაზეც და აღნიშნა, რომ საჭირო იქნება პარტნიორობა, რათა ეს ავტობანი მივიდეს ვლადიკავკაზამდე.
“ვფიქრობთ, გავაფართოვოთ არსებული გზა. ინჟინრები მუშაობენ ალტერნატიულ გადაწყვეტაზეც, რომ აშენდეს ფასიანი გზა, რომელიც იქნება გვირაბებით დაკავშირებული და აღარ იქნება საჭირო სტეფანწმინდაში ჩასასვლელად გუდაურის გადავლა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშგულის გავლით, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის. ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება. ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალი გზა ოთხ წელიწადში ავაშენოთ. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.