უცხოეთი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საიდუმლო ციხის არსებობას უარყოფს

  საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ხარკოვში საიდუმლო ციხის არსებობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.  ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წაემომადგენელმა სერგეი ტკაჩუკმა განაცხადა.

უკრაინაში საიდუმლო ციხის არსებობის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციების  Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის ერთობლივ ანგარიშშია საუბარი. უფლებადამცველების ანგარიშში ნათქვამია, რომ  ბოლო დღეებში საიდუმლო ციხიდან 13 ადამიანი გაათავისუფლეს. ამასთან, ორგანიზაციები უკრაინის ხელისუფლებას ადამიანების გაუჩინარების ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

უკრაინული ტელეკომპანია 112-ის ეთერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის  მოადგილემ განაცხადა, რომ ხარკოვში არსებობს წინასწარი გამოძიების სექტორი, სადაც გამომძიებლები დაკავებულებთან და ეჭვმიტანილებთან მუშაობენ. თუმცა ტკაჩუკის მტკიცებით, აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრები არ არიან, რადგან იქ შესაბამისი პირობები არ არსებობს.

 ამას გარდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა სამართალდამცველებს უფლებადამცველების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემოწმება და, დადასტურების შემთხვევაში, მასალების პროკურატურაში გადაცემა დაავალა.