სამართალი
"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოდან საარჩევნოდ "სიურპრიზებს" ელოდება

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი.  ამის შესახებ გაზეთი “რეზონანსი” წერს. რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ და "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ შესაძლოა, წინასაარჩევნოდ გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელოს.

 "მტკიცებულების დონეზე არაფრის თქმა არ შემიძლია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუ რა ფორმით მოხდება მოსამართლეების დისკრედიტაცია. მინდა, მოსამართლეები გავაფრთხილო, ნუ აჰყვებიან პაპუაშვილის და "ნაციონალების" მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 გიორგი პაპუაშვილს ბრალდებებს უყენებს, აგრეთვე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მისი განცხადებით, პაპუაშვილს სასამართლოში უმრავლესობა არ აქვს სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად და სწორედ ამიტომ არ ტარდება პლენუმის სხდომა. მისი ინფორმაციით, მოსამართლეებზე თავდასხმაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის მედიასაშუალება, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობენ.