საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2016 წელს 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი გამოცდაზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა 74%-ზე მეტს შეადგენს.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 1012-მა აბიტურიენტმა 100–პროცენტიანი გრანტი მოიპოვა - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"არსებობს უფასო ფაკულტეტები, სადაც თუ აბიტურიენტები ჩაირიცხნენ, სახელმწიფოს დაფინანსებით ისწავლიან. აქედან გამომდინარე, 5000-ზე მეტი აბიტურიენტი არის ის რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლიან, მათგან 1012-მა თავად მოიპოვა ეს გრანტი", - აღნიშნა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა, გამოსაშვები გამოცდების შემდეგ დაახლოებით 3 ათასამდე აბიტურიენტი კონკურსს გამოეთიშა.