ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აფასებს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დარგის გრძელვადიანი (2016-2025წწ) განვითარების სტრატეგიის დოკუმენტს.
ანალიტიკოსის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტრატეგია ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლების წინაშეც დღეს ენერგეტიკის სექტორი დგას. მისი თქმით, არსებული ჰიდროპოტენციალის რაციონალური ათვისება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, ამ მიმართულებით, დარგის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაში დასმული აქცენტები მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. გარდა ამისა, გვიდიანი აღნიშნავს, რომ განვითარების სტრატეგიის არსებობა მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხოელი ინვესტორებისთვის იმდენად, რამდენადაც მკაფიოდ გაწერილი განვითარების სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში, საინვესტიციო გარემო გაცილებით სტაბილური და მიმზიდველი ხდება.
გარდა ამისა, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში დიდი ჰესების მშენებლობის არაპოპულარობის მიუხედავად, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად მნიშვნელოვანია მუშაობის გააქტიურება
ხედვა „გიგანტური“ ჰესების შესახებ
განხილვები არ წყდება დიდ ჰესებთან დაკავშირებით. საზოგადოების გარკვეულ წრეებში კვლავ აქტუალურია ისეთი ობიექტების მშენებლობის საკითხი, როგორიცაა ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ა.შ. ამ მიმართულებით არსებობენ როგორც აქტიური მოწინააღმდეგეები, ისე აქტიური მომხრეები. ამ საკითხთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიულ დოკუმენტში, მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ასეთი ობიექტების მშენებლობა, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ერთიანი ენერგეტიკული სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიდი მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ენერგეტიკის სამინსტრომ ყველა კანონიერი გზა უნდა გამოიყენოს ასეთი ობიექტების მშენებლობის დასაწყებად.
ენერგეტიკული ბაზრის გარდაქმნასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ასოცირების შეთანხმების ეტაპობრივად შესრულების პროცესში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბაზრის გარდაქმნასათან დაკავშირებული საკითხების ჯეროვნად შესრულება. როგორც ვიცით, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გასაწევრიანებლად, საქართველოს მიღებული აქვს ერთ-ერთი დირექტივა რომლის მიხედვითაც, კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებული ენერგეტიკული ბაზარი უნდა ჩამოყალიბდეს. დღესდღეობით საქართველოში ვერტიკალურად ინტეგრირებული მონოპოლისტური ბაზარი არსებობს და ეტაპობრივად, გარკვეული სამართლებრივი ბაზის დახვეწის შემდეგ, ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ კონკურენტული ბაზრის მოდელზე უნდა გადავიდეთ. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, ენერგეტიკის სამინისტროს სტრატეგიაში ნათლად არის გაწერილი ის ნაბიჯები, რაც მომავალი წლების მანძილზე უნდა გადაიდგას კონკურენტული და სრულყოფილი ბაზრის ჩამოყალიბებისთვის. კერძოდ, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობით გაიმიჯნება ელექტროენერგიის წარმოების და ქსელური მომსახურების საქმიანობა, შეიქმნება საათობრივ პრინციპზე დაფუძნებული საბითუმო ბაზარი. რა თქმა უნდა, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონკურენტულ გარემოს გენერაციის ნაწილში და შესაბამისად, ჩამოყალიბდება თანამედროვე სტანდარტების მქონე ენერგეტიკული ბაზარი.
ხედვა ალტერნატიული ენერგიის შესახებ
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, ვრცლად არის განხილული ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს და ეს ბუნებრივია, ენერგეტიკის „მწვანე“ პრინციპებით განვითარების პრიორიტეტულობაზე მიუთითებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორი ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ვერ იქნება. შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროს გრძელვადიან სტრატეგიაში მითითებული აქცენტები ჰიდროპოტენციალის ათვისებასთნ დაკავშირებით, ადასტურებს, რომ სამინისტროს, დარგის განვითარების სწორი ხედვა გააჩნია.