უცხოეთი
კრასნოდარში მინდია გულუა მოკლეს (ვიდეო)

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში ქართველი ბიზნესმენის მინდია გულუას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი გულუას საცხოვრებელ სახლთან მოხდა. უცნობმა პირმა  46 წლის ბიზნესმენს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ავტომობილით მიიმალა.  დაშავებული, რომელსაც თან დაცვა ახლდა, ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მინდია გულუა გარდაიცვალა.

 რუსული მედიის ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელის მანქანა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კვარტალში იპოვეს. თავდამსხმელმა მას ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ სამართალდამცველებმა ავტომობილში იარაღი და ტყვიები აღმოაჩინეს (ვიდეო იხ. აქ).

 ბიზნესის გარდა, მინდია გულუა ცნობილია პოლიტიკური საქმიანობით. 2010 წლის მარტიდან ის მოძრაობის “საქართველოს სახელით” პრეზიდენტია. 1998 წელს კრასნოდარის მხარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატად იყრიდა კენჭს, 2000 წელს კი კრასნოდარის მხარის ქალაქ უსტ-ლუბინსკის მერობისთვის იბრძოდა. 2008-2010 წლებში იყო რეგიონული ორგანიზაციის “იბერიას” თავმჯდომარე.

 ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მინდია გულუაზე თავდასხმის მცდელობა აგვისტოს დასაწყისშიც განხორციელდა. მაშინ მისი ავტომობილი აფეთქდა.

 ქართველი ბიზნესმენის ავტომობილი 2006 წელსაც ააფეთქეს.