პოლიტიკა
"ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი არის ალიანსის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულება!" - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. 7-8 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რაც არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარების გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

 „ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა, განხილულ იქნეს ვარშავის სამიტის შედეგების დანერგვის განხორციელების საკითხები. ვფიქრობთ, ასევე განხილული იქნება  ქვეყნის მიერ დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ჩრდილოატლანტიკური საბჭო არის უმაღლესი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ალიანსში, ამიტომ ჩვენთვის ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.