საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰუსეინ დეჰგანმა რუსეთის საჰაერო ძალების მიერ ირანის აეროდრომ ჰამადანის გამოყენებისთვის ინფორმაციის გასაჯაროებისთვის მოსკოვი გააკრიტიკა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მინისტრის თქმით, ეს ინფორმაცია რუსმა სამხედროებმა თეირანთან შეუთანხმებლად გაასაჯაროეს და ის „თავის გამოჩენის სურვილით“ აიხსნება.
„რუსეთს სურს აჩვენოს, რომ ის სუპერსახელმწიფო და გავლენიანი ქვეყანაა, რომ ის უსაფრთხოების სფეროში ამ რეგიონში აქტიურად მოქმედებს. ამ ინფორმაციის გასაჯაროება არის ჩვენი უპატივცემულობა და თავის გამოჩენის სურვილი“, – განაცხადა დეჰგანმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ტერიტორიაზე ამჟამად არცერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალები დისლოცირებული არ არის, ხოლო ჰამადანის აეროდრომზე რუსული ბომბდამშენების საწვავით შევსება ხდება.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 16 აგვისტოს განაცხადა, რომ ირანში, ჰამადანის აეროდრომზე რუსული ბომბდამშენებია დისლოცირებული და აქედან სირიაში ტერორისტების მიზნები დაიბომბება.