საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განუცხადა.
ამ ეტაპზე ბექა ბექაური საავადმყოფოში იმყოფება, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. "ხელი მოტეხილი აქვს და თავი აქვს გატეხილი. დაკავების თუ გამოტეხვის დროს არ ვიცი. წინასწარ რატომ კლავდნენ? ექიმმა ამიხსნა შუბლი აქვს ჩამტვრეული, ხელი მოტეხილი აქვს. თუ დამნაშავეა, სიკვდილით დასაჯონ, მაგრამ ჯერ გაასამართლონ", - განაცხადა ბექაურის ოჯახის წევრმა.
ბექაურის ადვოკატი მაია ჭრელაშვილი კი ამბობს, რომ დაკავებულს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. "თავის ქალა აქვს ჩამტვრეული. დაკავების მომენტში აქვს მიღებული დაზიანება, აღიარა ბრალი", - აცხადებს ჭრელაშვილი.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ე.წ. ტერაქტის საქმეზე სუს-მა 7 პირი დააკავა, აქედან 5-ს უშუალოდ ტერორისტულ აქტის ჯგუფურად მომზადებას ედავებიან, 2–ს –ინფორმაციის დამალვას. დანაშაული, რომელსაც მეტად შეესაბამება კვალიფიკაცია „დივერსია“, აღკვეთილი იქნა, მაგრამ გამოძიებამ ეჭვმიტანილთა ფოტოები სოცქსელში აღმოჩინა, სადაც ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზე დგანან.
ბექაურის ნათესავებს არ სჯერათ მისი აღიარების და აცხადებენ, რომ ის გაკეთებულია ცემის ზემოქმედების ქვეშ, როცა მას თავი გაუტეხეს და თითები დაუმტვრიეს ავტომატის კონდახით. ბექაური საავადმყოფოს პალატაში გუშინ სახალხო დამცველმა ნანუაშვილმა მოინახულა, რომელმაც ამის შემდეგ გამართა ბრიფინგი და მოითხოვა საქართველოს მთავარი პროკურატურისგან, სასწრაფოდ დაადგინონ და დასაჯონ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელი, რომელმაც ბექაურს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა.