პუბლიკაციები
“თვითგანადგურების რეჟიმში ვცხოვრობთ”! (თბილისში ასწლოვანი ხეები მოჭრეს…)

  ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი:

  “25 წელია, რაც “თვითგანადგურების რეჟიმში” იმყოფება საქართველო და ქართველი ხალხი! დიახ, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში, ნაცვლად იმისა, რომ აღმშენებლობა დაგვეწყო და ქვეყნის განვითარების ეტაპები დაგვესხა, მივიღეთ საპირისპირო რეალობა და ავადსახსენებელი სსრკ-ს დროს, ქართველი ხალხის მიერ მონური შრომით შექმნილი და დაგროვილი “საერთო-სახალხო” ქონების დატაცება-განიავება!

  ეს ეხება ყველას და ყველაფერს, დაწყებული ბუნებრივი რესურსებიდან და საფინანსო-ეკონომიკური სიმძლავრეებიდან, დამთავრებული ადამიანური რესურსებით! “თვითგანადგურებაა”, აბა სხვა რა ჰქვია იმას, – როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას იწყებ სამხედრო გადატრიალებით და სამოქალაქო ომით, ეთნიკური კონფლიქტების გამო ტერიტორიების 20% კარგავ, არსებული პოლიტიკური სისტემის მდგრადობა მყიფეა და მოჩვენებითი, რომელიც “ერთი ლიდერის” ნება-სურვილის მიხედვით იცვლება, სასამართლო სისტემა გაუმართავი და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებული, მოსახლეობის მილიონ ნახევარზე მეტი ტოვებს ქვეყანას, სამრეწველო-ინდუსტრიალური პოტენციალი ნულამდე ეცემა, დარჩენილი მოსახლეობის 70% სიღარიბეს ებრძვის, აქედან 50% ღატაკია, დემოგრაფიული მაჩვენებელი უიმედო საშიშ ნიშნულზეა, აგრარული სექტორი დაუცველი, რომელიც კონკურენციას ვერ უწევს და მოძალებული ექსპორტული პროდუქციის ქვეშ გმინავს, ახალგაზრდობის დიდი უმრავლესობა დაუსაქმებელი და უცხოეთში წასვლაზე მეოცნებე და სხვა ბევრი პრობლემები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ – ამ 25 წლის მანძილზე საქართველო “თვითგანადგურების” რეჟიმში განაგრძობს არსებობას!..”