საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ტერორიზმის ბრალდებით შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობა მოსამართლემ მოწმეებზე ზეწოლისა და ჩვენებების ფალსიფიცირების თავიდან აცილებით დაასაბუთა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს დაინიშნა.
დაკავებულებს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებაში, ტერორიზმისთვის საჭირო იარაღისა და ასაფეთქებლების შეძენა-შესახვასა და ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი სომხეთ-რუსეთის გაზის ცენტრალური მილსადენის აფეთქებას გეგმავდა.
“ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დაასაბუთოს მოსამართლემ მამფორიას დაპატიმრება. მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადებაში ედება ბრალი და საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მამფორიამ იცოდა ტერაქტის მომზადების შესახებ. ვინაიდან ეს გახმაურებული საქმეა, საზოგადოების ინტერესი დიდია, ალბათ ვერ აუარა გვერდი მოსამართლემ ამას და გამოიყენა პატიმრობა", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
კიდევ ერთი ადვოკატის ნინო მახარაძის თქმით, ვლადიმერ რუხაძის მოსმენაზე განჩინება გაცემული არ ყოფილა.
“საქმეში არის ფარული მოსმენები და შესაძლოა, იქ ამოიკითხეს რამე ვლადიმერ რუხაძის მამხილებელი. მაგრამ აღნიშნულ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განჩინება არ არის ვლადიმერ რუხაძის მოსმენაზე გაცემული. არის საუბარი, რომ თითქოს რომელიღაცა პოლიტიკოსის დაგეგმილია და კატეგორიულად ვაცხადებ, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა მახარაძემ.