რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 10 იანვრიდან იზრდება
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 10 იანვრიდან 1 ლარიდან 1,5 ლარამდე იზრდება. შესაბამისი განცხადება რუსთავიდან სპორტის სასახლემდე მოძრავ სამარშრუტო ტაქსებში უკვე გამოკრულია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მგზავრობის ღირებულების გაზრდა საწვავის გაძვირებას უკავშირდება.
თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში საცალო ქსელში საწვავის ფასები არ გაზრდილა. თბილისში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებიც გადაწყვეტილებას საწვავის გაძვირებით ხსნიან. თუმცა მძღოლები პირად საუბრებში იმასაც აღნიშნავენ, რომ ისინი "მოსწრებაზე არიან და თითოეული თეთრი მათთვის ძვირფასია", ვინაიდან ამორტიზებული მანქანების გამო თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული სამარშრუტო ხაზების სატენდერო პირობებს ვერ დააკმაყოფილებენ და უმუშევარი დარჩებიან. შეგახსენებთ, რომ რუსთავსა და თბილისს შორის მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობა ამ დრომდე 1 ლარი ღირდა.