საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩაშლამდე საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას ნინო ბურჯანაძე მომავალი კვირიდან გეგმავდა. ის ინიციატივის მოწინააღმდეგეებს საჯარო დისკუსიას სთავაზობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ არგუმენტების მოსმენის შესაძლებლობა. “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ასევე, ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივასაც.
“პარლამენტის თავმჯდომარემ ადეკვატურად შეაფასა ჩვენი ინიციატივა, ბუნებრივია, მის ინიციატივას აქვს არსებობის უფლება. მართალია, მისი თანაპარტიელები მე ქვეყნის დაქცევას, უფსკრულში გადაჩეხას და ყველაფერ უბედურებას მაბრალებენ, თუმცა მე შემიძლია იგივე ეპითეტებით მოვიხსენიო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. თუმცა არ მგონია, რომ ეს პოლიტიკაში საუკეთესო გამოსავალი იყოს. მე მაქვს არგუმენტები, რომელიც შემიძლია დავუპირისპირო იმ ინიციატივას, რომელიც ბატონმა დავითმა წარმოადგინა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.