საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. "ამ დოკუმენტების საფუძველზე ნაწარმოები პიარი იმით დაგვისრულდა, რომ არც სააკაშვილი იძებნება და არც ადეიშვილი", – ასე უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ კითხვას, თუ რატომ არ ხსნიდა საიდუმლო გრიფს მიხეილ სააკაშვილის ხარჯების ამსახველ დოკუმენტაციას.
"პრეზიდენტებს არცერთ ქვეყანაში სუშის ქვითრისთვის არ იჭერენ. არც ბოტოქსებისთვის, არც მასაჟისტების ჩამოყვანისთვის და არც პიჯაკების შეძენისთვის. ქვითრებით ვერავინ დაიჭირეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. თან ეს ეხებოდა ადამიანს, რომელზეც ჩვენ გვქონდა სერიოზული ბრალდებები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ხალხი იყო ნაწამები, ტელევიზიები და მიტინგები იყო დარბეული და ამ დროს საბუთი მიგვაქვს, რომ ამ ადამიანმა სუში ჭამა. ეს იყო არასწორად დაგეგმილი პოლიტიკური პროცესი, რომლის შედეგებზეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ იმსჯელოთ - აღარავის ეძებენ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.