პუბლიკაციები
“ეროვნული მოძრაობიდან - ეროვნულობის მოსპობისკენ” - გივი სომხიშვილი

  ამერიკის ელჩის ნიღბიანი კოლონიის გუბერნატორი ზის ღვთისმშობლის კუთვნილი ქვეყნის სპეტაკი ზნეობის და კეთილსურნელებით გაჯერებული უწმინდესი წყაროს სათავეში და მოძალადის უზნეობის შხამით წამლავს ქართველთა კაცთმოყვარეობით შემკულ ამქვეყნიურობას. მეხუთე კოლონაც ჰყავს - პოლიტიკურ პარტიებად მონათლულთა ხროვა, ასო-ები, მაღალ თანამდებობებზე მისი რეკომენდაციებით გამძვრალი უამრავი ერთგული მსახური. შედეგად ქვეყანაში ანტიეროვნული, დამაკნინებელ-დამაბეჩავებელი გნიასი არ წყდება.

დამოუკიდებლობად შემოსაღებული პოლიტიკური სპექტაკლი კი ერთი და იგივე სცენარით ბრუნავს. არჩევნებსაც ვატარებთ და გვგონია, რომ რაღაც გვეკითხება და ხმის მისაცემად გავრბივართ.

ამერიკელი რეჟისორის სურვილზე აწყობილი წარმოდგენაც დამთავრდება. პოლიტიკოსებად შეღებილი დემაგოგებიც აღავღავდებიან, რათა თავისი წილი ლუკმა მიიღონ ქართველი ხალხის გარდაცვლილი იმედის და ოცნების ლეშიდან. ამერიკელი გუბერნატორის მიერ შედგენილი განრიგის მიხედვით დაკომპლექტდება კადრები და ასე მხიარულად დაველოდებით მის მომავალ დამოძღვრას.

იმდენად შეუზღუდავად გრძნობენ თავს, რომ ქართველთა აბუჩად აგდების აღვირახსნილობას საზღვარი არ აქვს. შედეგად, გვყავდა საგარეო საქმეთა მინისტრი დედაკაცი გიტლერის და სტალინის ერთნაირი ბოროტებად ხსენებით რომ დასვარა თავისი სამარცხვინო ნოტზე აწყობილი მოღვაწეობა. მარგველაშვილს პრეზიდენტად რომ წამოასკუპებს, როგორ არ უნდა შეუქო რეჟისორს მსახიობთა თავის ინტერესებზე მორგების ალღო. ვერ მოძებნით უცხოელთა მოწონებულ სკამოსან არსებას ქვეყნისთვის თავდადებულ მამულიშვილად რომ უძგერდეს გული. თავდაცვის მინისტრად ლენინგრადის გმირი დამცველების, სადაც უამრავი ვაჟკაცი მონაწილეობდა, ბინძურად გახსენებით აქოთებული დედაკაცის განებივრება ამერიკელთა მიერ თავისი ერთგული ძაღლიშვილის გამოცნობის უნარის წარმატებაა. თუნდაც შერიგების მინისტრად ბლუქუნა ზაქარეიშვილის დანიშვნით ძნელი მისახვედრი არ ხდება, რომ ამ სამინისტროს შეძულების გაღრმავების სახელი უფრო მოუხდებოდა.

პარლამენტს, მთავრობას, ან პრეზიდენტად შემოსაღებულ ვაი-ვაგლახს კარგად ესმით, რომ ამერიკელთა მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით საქართველოს გამთლიანებაზე პრაქტიკული მოქმედება დანაშაულის ტოლფასია. ისე კი ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ფუჭი პრინციპულობით და რუსეთის გატალახებით რამდენიც გინდა იღავღავე. ქართველი ერის დაკნინება და საზარელი უზნეობით მოწამვლის მცდელობა უცხოელთა ყმუილზე აყოლილ ვაი ქართველთა ხელით ხდება და ამდენად უფრო გამანადგურებელია, ვიდრე ეს დამპყრობთა დაუნდობელ თარეშს შეეძლო.

ქვეყნები იმ კურსს ირჩევენ, რომელიც მისი არსებობისთვის უფრო მისაღებია. ჩვენ კი ამ ევროატლანტიკურ დოგმად გადაქცეულ სურვილს ლამის შევეწიროთ.

მეოთხედი საუკუნეა რაობიდან არარაობის უბედურებაში სულ უფრო ვღრმავდებით. თვითონ ევროპელები საშინელი საფრთხის წინაშე დგანან. არ იციან, ნებიერი ყოფა სად აუფეთქდებათ, აეროდრომზე, პლიაჟზე თუ სტადიონზე. ლიბიას ნატო ბომბებს რომ აყრიდა, ევროპაში უსაფრთხოება გარანტირებული ეგონათ. ლიბიელ ტომებს თავზე დაამხეს ბედნიერი ცხოვრება და დემოკრატიის დაცვის საბაბით ჯოჯოხეთის განუკითხაობად ააქოთეს. ასე უქციეს ამერიკელებმა ერაყელ ხალხს სამშობლო განუწყვეტელი სისხლის ღვრის და უბედურების ქაოსად; ახლა სირიაში აყეფებენ დარბევა-განადგურების საშინელ უბედურებას. რა გასაკვირია, რომ ეს გაწამებული ხალხი ნებიერ ევროპას მიაწყდა. ამერიკა-ნატო-ს აგრესიას პირდაპირი დაპირისპირებით ვერაფერი დააკლეს და ბრძოლა საშინელი, საზარელი, დაუნდობელი განუკითხაობით დაიწყეს, რომელსაც ვერც საფრანგეთის საზღვარგარეთის ლეგიონით და ვერც ამერიკელების ტანკებით ვერ დააფრთხობ.

ნატო-ს გაკვეთილად არ ეყო ევროპელთა ჯვაროსნული ლაშქრობების გახსენება, რაინდულად მებრძოლი ალადინი ვერაგობით, დაუნდობლობით, მხეცური ხოცვა-ჟლეტით რომ გააკვირვეს და მიიღეს გაცილებით უარესი ძალადობით ვერაგობით განუკითხავი კაცთაკვლის ბაი-ბაი-ს გამაოგნებელი მხეცობა. ქრისტეს საფლავისთვის დაწყებული ბრძოლა მარლთმადიდებელი ქრისტიანობის ბურჯი ბიზანტიის მოსპობით დააგვირგვინეს.

ახლაც ყოველი მხრიდან ავიწროვებენ მარლთმადიდებლობას, სადაც კაცობრიობის გამხრწნელი სქესობრივი აღვირახსნილობით თამამად ვერ თარეშობენ. ასე დაშალეს სერბია და უღრენენ რუსეთს. რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ამ ევროატლანტიკურ კაკაფონიას საქართველოს ბევრი მედროვე სკამოსანი ქართველი ხალხის სახელით თავის მოძახილს უერთებს.

კავკასიის ხალხებისთვის ეროვნული ტრადიციების დაცვა; მორალური, ზნეობრივი და სქესობრივი სიწმინდე; უფროსი თაობის უაღრესი თაყვანისცემა და მომავალი თაობის ამ სულისკვეთებით აღზრდა წმიდათაწმიდა საქმეა. შენ მთელ კავკასიაში თითით საჩვენებელი „მიშკინა“ უნდა გახდე სექსუალური სიბილწის და გარყვნილების ევროამერიკულად დაკანონებისათვის?!

ქართველთა ერმა უამრავ მტაცებელთა ჯუნგლებში გამოატარა ტრადიციების, მორალის და ზნეობის საამაყო ჩვევები და ახლა სექსუალურ სიბილწეს აყოლია, გარყვნილებით გინდა მომავლის მოწამვლა?

არცერთ დამპყრობელს ისეთი ზიანი არ მიუყენებია ქართველი ერისთვის, როგორსაც უცხოეთის ეს ლაქია ძაღლიშვილები ცდილობენ.

მოდიოდნენ ცეცხლით და მახვილით, უკან ბრუნდებოდნენ თუ დიდხანს რჩებოდნენ, მათი ბოროტი იდეების ბაცილა ქართველთა სულიერებაში შეღწევას ვერ ახერხებდა, რადგან მებრძოლი ხალხის სიმტკიცეს მორალურ-ზნეობრივი სისპეტაკე, ეროვნული ტრადიციების, ჩვევების უსაზღვრო სიყვარული და მისდამი თავდადება აწრთობდა და ყველა ჯურის მტრისადმი შეუვალს ხდიდა.

დროთა ქარტეხილებმა მრავალი ერი მოსპო, მაგრამ ქართველებს ვერაფრი დააკლო, მიუხედავად ტანჯვა-წამების საზარელ დღეთა სიმრავლისა. იმიტომ, რომ მის სპეტაკ სულიერებაში ბინძურმა და გამხრწნელმა გარყვნილებამ ვერ შეაღწია, ლათინთა რომის მსოფლიო იმპერია რომ აღიგავა პირისაგან მიწის; იმიტომ, რომ ერის ღირსეული ადამიანური გრძნობები ვერაგმა ბოროტებამ ვერ დასვარა.

საქართველოს არ შეუქმნია ატომური ბომბი და მასობრივად არ ამოუწყვეტია იაპონიის ორი ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა. თბილისიც იყო ამერიკელთა მიერ ატომური დაბომბვის ქალაქთა სიაში. საერთაშორისო კანონებით აკრძალული მასობრივი მომწამვლელი ნივთიერებებით არ მოურწყია ვიეტნამის მშვიდობიანი სოფლები, სერბიის, ლიბიის, ერაყის გამანადგურებელი დაბომბვით და სხვა უამრავ ქვეყნებში აგრესიით არ შეჭრილა. მაშ, საიდან ან რანაირად ხარ შენ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი?!

ჩვენ კაცთმოყვარეობამ გადაგვარჩინა, ახლა გინდათ, რომ კაცთმოყვარეობამ მოგვსპოს?! აქ ქართველი ხალხი არაფერ შუაშია, ეს იმ მომრავლებულ პარაზიტთა მცდელობაა ხალხის სულიერებაში შეღწევით რომ ცდილობენ მის გარყვნა-განადგურებას.

ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამსაც კი ქართველთა ღირსეული მამულიშვილების სიამაყეს ბზარი არ გასჩენია. ამის ნათელი მაგალითი თუნდაც, ცოტნე დადიანია. ევროატლანტიკურ ცბიერებასთან ასეთი უთავმოყვარეო, თავზე ხელის გადასმის მომლოდინე ლაქუცი ეკადრებათ სათავეში წამოსკუპებულ ბღენძებს, საქართველოს სახელით ევროპელობას რომ იბრალებენ და იმავე ევროპაში ვიზალიბერალიზაციაზე მათხოვრობენ?!

რა სჭირს საიმისო ომის, შრომის და შემოქმმედების უმდიდრესი წარსულის მქონე ქართველ ერს, რომელსაც ამოუშრეტელი ინტელექტუალური ენერგია აქვს, სტრასბურგის სასამართლოში დარბოდნენ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით იკვებებოდეს მისი ეროვნული სიამაყისგან გათავისუფლებით ამჩატებულ მაღალი პოსტის მფლობელთა გონებრივი სიღატაკე.

მეოთხედი საუკუნეა გაუსაძლისი უიმედობის მსხვერპლი ახალგაზრდობა საზღვარგარეთ გადასახავეწ გზებს ეძებს. ხუთნახევარ მილიონიანი, სიცოცხლით სავსე საქართველო სამნახევარ მილიონამდე გაილია და რაც დარჩა, ისაც ანთებული სანთელივით დნება. მეოთხედი საუკუნეა, ნატო-ში და ევროკავშირში შესვლის ბანგით გაბითურების მცდელობის ფონზე, ამერიკის მარიონეტ ხელისუფალთა ხალხთან ბრძოლა, მოტყუება და აბუჩად აგდება გრძელდება.  პარტიებში და ასო-ებში შერეკილი უამრავი ძაღლიშვილი საკბილოს მიგდების მცდელობაში ყოველგვარ მუხთლობას კადრულობენ. ხალხთან კი დემაგოგიური ყბედობით საპნის ბუშტად გაბერილი სამოთხის შეპირებით იწონებენ თავს. გაუთავებელი არაფრისმთქმელი ლაქლაქით და სიცრუის უსირცხვილოდ სიმართლედ გასაღების ძალადობაზე შერწყმის ილეთით ცდილობენ იმ ფონში გასვლას, რომელსაც ხალხის რისხვა დახრჩობად უქცევთ.

ჯერ კი თავიანთ ტაკიმასხარობას არ იშლიან. საყველპურო ინგლისურით რომ აიკლეს ევროკავშირი, ქართველი რომ ვარ, ესე იგი ევროპელი ვარო. ინგლისელები ევროკავშირს გაუფრთხნენ, სხვა ქვეყნებსაც სული სძვრებათ გასაქცევად. რა ქნან ამ სკამოსანმა ღამურებმა, რომელი ქვეყნის ენაზე უნდა იგალობონ თავიანთ ევროპელობაზე, რომ ისაც მალე არ გამოსძვრეს ამ დასაშლელად მორყეულ ფორანს?

ევროკავშირში არ უშვებნ, ვიზალიბერალიზაციის მათხოვრობაც გაუმსუბუქდათ, მაშ, რა ძალით უკიდიათ ხელისუფლების ყველა ორგანოში ევროკავშირის დროშა, იმავე ევროპიდან ნაციონალების მიერ საქართველოს სახელმწიფო დროშად შემოღებულ ხუთჯვრიანი მატერიის გვერდით?! არც ერთი არ არის ქართული. არცერთი არ ჯდება ქართველი ხალხის ხასიათსა და სულიერებაში ისე, როგორც ხელისუფლებაში შემძვრალი უამრავი გაზულუქებული ბღენძი.

ხუთჯვრიანი დროშის ფრიალით ჯვაროსნებმა თავი შეაძულეს მუსლიმანურ სამყაროს. ახლა ეს ღამურები როგორც ხარს წითელ მატერიას ისე უფრიალებენ ამ დროშას, რომელსაც ქართველთა უმდიდრეს სიმბოლიკასთან და მის სულიერებასთან არავითარი საერთო არ აქვს. ასე უბოდიშოდ რომ მიითვისე ეს დროშა შენ არ გეკუთვნის, ევროპელებიც არ გიშლიან, რადგან მის წინაშე ხოხიალით გადაიტყავე მუხლები. არავინ იცის, როდის გაგიწყრებიან, გამოგტაცებენ მაგ დროშას და მეფე გიორგი პირველის შანდლის ქურდივით ჭიტლაყსაც მოგაყოლებენ, რად მოგვპარეო.

უნამუსო ვირზე შესვა, ნეტავ ერთი გამაჭენაო. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით ეროვნული მოძრაობიდან ეროვნულობის მოსასპობად ამერიკელთა ყბაში ამოვყავით თავი. ქართველი ხალხის საამაყო ეროვნული თვისებების უარყოფის, გარყვნილების და სიბილწის პარპაშის ტყვეობაში ნამუსის და სირცხვილის გრძნობა სულ დაკარგეს და ახლა წარსულის სიმბოლიკების ვანდალური მოსპობით იწონებენ თავს. დარბევის, დაშლის, დატაცების, განადგურების, გაღატაკების, ქვეყანაში უბედურების დამკვიდრების და ევროატლანტიკური მფარველობის მიმართ მონური ლაქუცის მეტი რომ არაფერი გაუკეთებიათ.

მთელ სახალხო მეურნეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ქაოსი და განუკითხაობაა სოფლის მეურნეობაში. მიწები ნიავდება; უცხოელებზე გაყიდვა რომ სარფიანად მიაჩნიათ. რამ გარეცხა და გაძარცვა სამშობლოს სიყვარულისგან ეს ამოდენა პოსტის მფლობელთა ხროვა?! საკონსტიტუციო სასამართლოში ვინმე სხვატომელები რომ მჯდარიყვნენ მიწების უცხოელებზე გაყიდვის შეჩერებით ასე თავაწყვეტით ვერ გაბედავდნენ გაცოფებას. ამათ კი სამშობლოს სიყვარულის მტკიცებით ბევრჯერ ექნებათ აქაფებული ყბები. ახლა ქვეყანას ყრიან, ვიღაცანი გვემუქრებიან და პროკურატურა რატომ არ იძიებსო. პროკურატურას კი უპირველესი გამოსაძიებელი აქვს, რის იმედით ღრძოლავს ასე მომწამვლელად ეს ანტიეროვნული, ნაციონალთა ჯადოქრის ქოთნის ნამსხვრევი.

ხმაური ატეხეს, თურმე თავთავიანი კულტურების ისეთი დიდი მოსავალია, რომ კომბაინებს აზერბაიჯანიდან ქირაობენო. ვისია ეს მოსავალი? გლეხს იმდენი ხორბალი არ აქვს, რომ ქათმებს მიუყაროს. მიწა კი ბობოლად ქცეულთა ხელშია, არმად მოხვეჭილი ფულით ყველაფერს რომ დაეპატრონენ. ქართველ ხალხს სამშობლო გაუყიდეს. ისინიც ქართველები იყვნენ, ყმებს დეკეულივით რომ უყიდიდნენ შვილს და მერე საქართველოს სადღეგრძელოს დიდი ყანწით სვამდნენ.

ქვეყანას საშინელი გაჭირვების და უიმედობის ნისლი აბნელებს. გამოსვალის ძებნაში ახალგაზრდები საზღვარგარეთ გაფრთხობას ცდილობენ, ან ბანკებსა და ლომბარდებს შეატოვებენ თუ რამ დარჩათ ხელმოსაკიდი.

უარეს ყოფაში იყო კუბა, ამერიკას ზედ ცხვირწინ რომ აუფრიალა თავისუფლების დროშა. მსოფლიო საბარდელედ წოდებული, კაზინოებით, სასტუმროებით, რესტორნებით ბორდელებით და მეძავებით ამერიკელთა გასართობი ქვეყანა.

დღეს კუბა ამაყი და აყვავებული დემოკრატიული რესპუბლიკაა. საუკეთესო, უფასო სწავლების განათლების სისტემით, უფასო ჯანდაცვით და მრავალი სოციალური სიკეთით. ამერიკელთა პრეზიდენტთან დასახვედრად თავი რომ არ შეიწუხეს მისმა ლიდერებმა და რაულ კასტრომ ობამას მხარზე ხელის წამორტყმის უფლება არ მისცა, როგორც მას სჩვევია სატელიტებთან საუბრის დროს.

ჩვენთან რესტორნები, კაზინოები, ტოტალიზატორები, ბორდელები, მეძავები და ამერიკელთა პარპაში რევოლუციამდელი კუბის გახსენების არსასიამოვნო განცდას თუ აღძრავს, იმედს ნუ დავკარგვათ, რომ ქართველი ხალხი იმდენად მომთმენი ნამდვილად არ არის, უცხოელთა მიერ დადგმული ამხელა დამცირების უღელი დიდხანს ათრიოს.

ვერცერთ ნორმალურ ქვეყანას ვერ მოძებნით სადაც ჭეშმარიტ ეროვნულ, წინაპართა ღირსეული მამულიშვილობით ნაკურთხ მწერლობას ასე უდიერად ექცეოდნენ და გარყვნილ, ზნედაცემულ, ბინძურ მჯღაბნელებს ასე ანებივრებდნენ; ალბათ, ესაც ევროკავშირში შესვლის სამარცხვინო რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნათა შედეგია.

საშინელი აბუჩად აგდების პირობებში, მწერალს რომ კერძო მეწარმესთან აიგივებენ და მის შემოქმედებას ისე ბეგრავენ, როგორც მეკურტნის ბზით გამოტენილ ნახელავს. ამ გაუსაძლისი ყოფით შევიწროებულს კალმის აღების სურვილიც ეკარგება, თან რომ იცის, ქვეყნის მართვის საჭე უკუღმართობისკენ არის მიმართული და მისი შემოქმედების ნაყოფის ხალხთან მიტანის არავითარი საშუალება არ აქვს.

მწერლობა კი ის სარკეა, რაზეც ზუსტად აისახება ცხოვრების სინამდვილე. ამიტომაც აქვს აფარებული უკუღმართი დღევანდელობის სიბნელე. ამგვარ პირობებში იბრძვის მწერალი, რომლის პირუთვნელობის სუსხი ბევრ გაპაპაჯორებულ მედროვეს მუხთლობით მოპოვებულ განცხრომას უმწარებს.

ერის უბედურებად გადაგვარებულ პარაზიტთა თავზე მეხის სუნთქვად გაისმის რევაზ ამაშუკელის მართალი, პირუთვნელი და ბრალდების მახვილად ალესილი სიტყვები.

სიმართლისთვის, ქვეყნის და ერის ბედნიერი მომავლის ჩირაღდნად ანთია პოეტ ლაშა ნადარეიშვილის ყოველი ლექსი, მის ირგვლივ დარაზმული მებრძოლი კოლექტივი და გაზეთი ,,ასავალ-დასავალი“ ქვეყნის უბედურება ღამურა კაცუნების რისხვა, ხალხს სიფხიზლეს რომ უათკეცებს და ნათელი მომავლის რწმენით უსპობს უიმედობის განცდას.

მაშ, მუშტად შევიკრათ, ქართველნო,
თავს ნუ დავზოგავთ ქვეყნისთვის,
ეშმაკს ბალანი დაეწვას,
მუხთალთა ერთად შეყრისთვის!