უცხოეთი
სახელმწიფო დეპარტამენტს არ უკვირს რუსეთის მიერ ირანის ავიაბაზის გამოყენება

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის მიერ ირანის ავიაბაზის გამოყენება “სამწუხაროა, თუმცა არა მოულოდნელი”. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.

მარკ ტონერის თქმით, რუსეთის მიერ ირანული ავიაბაზის გამოყენებამ კიდევ უფრო გაართულა ისედაც რთული ვითარება, რომელიც სირიასთან დაკავშირებით შეიქმნა. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ეს არ შეუშლის ვაშინგტონს გააგრძელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მიმართული კურსი.

ამასთან, ტონერმა აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ ჰამედანის აეროდრომის გამოყენება არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ვერ მიაღწევს რუსულ მხარესთან შეთანხმებას “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუცილებელია იმის შემოწმება, ხომ არ არღვევს მოსკოვის ქმედებები გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც თეირანთან დაკავშირებით შეზღუდვებს ითვალისწინებს.

რუსეთმა სირიაში ავიადრტყმებისთვის თეირანისგან ჰამედანის ავიბაზის გამოყენების ნებართვა მიიღო. რუსული სამხედრო თვითმფრინავები ირანულ ავიაბაზაზე უკვე განთავსდნენ და პირველი იერიშიც მიიტანეს.