პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადება „ცენტრისტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მედია საშუალებებით გახდა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის პირველი აგვისტოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს“ არ ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი.

 ცესკოს თავმჯდომარემ, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“, 2016 წლის 2 ივნისის განცხადებისა და  კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, (ასევე, დამატებით მათ მიერ წარმოდგენილ იქნა პარტიის 2016 წლის 29 მაისის ყრილობის ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარედ არჩეულია თემურ ხაჩიშვილი), საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად  გაატარა საარჩევნო რეგისტრაციაში.

 ცესკოს არ ევალება შეისწავლოს პარტიის  ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი; აღნიშნული სხვა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა. აქედან გამომდინარე, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე ცესკოს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა.  

 იმისათვის, რომ ცესკოს თავმჯდომარემ, ახლად დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, იმსჯელოს „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე, საჯარო რეესტრის მიერ ცესკოში დროულად უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი გადაწყვეტილება“.