უცხოეთი
თურქეთის პოლიციამ კომერციული ორგანიზაციების 120 ხელმძღვანელის დაკავების ორდერი მიიღო

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის პოლიციამ სტამბოლში 44 კომპანიის ოფისებში ჩხრეკას ატარებს. გაცემულია ამ კომპანიების ხელმძღვანელობის 120 წევრის დაკავების ორდერები. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

კომპანიების ოფისებში ჩხრეკა და დაკავებები 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდლეობის გამოძიების ფარგლებში ტარდება. ჯერჯერობით უცნობია, იმ კომპანიების სახელწოდებები, რომლებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება.

თურქული მედიის ინფორმაციით, ამ კომპანიებს აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მოძრაობის დაფინანსებაში ადანაშაულებენ. თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.

სახელმწიფო გადატრიალებს მცდელობის შემდეგ თურქეთში დააკავეს 35 ათასზე მეტი ადამიანი. მათგან 17 ათასს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 80 ათასზე მეტი ადამიანი კი, მათ შორის სამხედროები, მოსამართლეები, პედაგოგები, დეკანები, ჟურნალისტები, სამსახურიდან დაითხოვეს. დაიხურა ორი ათასზე მეტი ორგანიზაცია.