საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის განთავსების და შემდეგ ამ სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს:
“საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 51 მუხლის, მე-5 ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს გაცხადებულ პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამის ეთერიდან მოხსნის საფუძველს - „წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას“, აღნიშნული საკითხის შესწავლა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შეფასება და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში რეაგირება ცესკოს უფლებამოსილებას წარმოადგენს”.