სამართალი
„საქართველო არც ამერიკის შტატია და არც რუსეთის გუბერნია!“ - ნინო ბურჯანაძე

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა საქართველოს პარლამენტში მისი ინიციატივის - საქართველოს უბლოკო სტატუსის - განხილვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

 "არც NATO-, არც ამერიკის და არც რუსეთის ჯარი, და საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს არცერთ სამხედრო ალიანსში, არც ნატოში, არც ოდეკაბეში და არც რომელიმე სხვაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ ინიციატივას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 "ყველას, ვისაც უნდა საქართველოს მშვიდობა, სტაბილურობა, გამთლიანება, ქვეყნის კონფლიქტების მოგვარება და ეკონომიკური განვითარება, მოვუწოდებ, მოაწერონ ხელი უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას. საქართველოს უბლოკო სტატუსი სჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანა არ იყოს არც ამერიკის შტატი და არც რუსეთის გუბერნია. საქართველოს ხელისუფლებაში და პოლიტიკურ წრეებში არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი ჩვენს სამშობლოს ამერიკის შტატობას სთავაზობს, ხოლო მეორე ნაწილი - რუსეთის გუბერნიობას, ჩვენთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც", - განაცხადა ბურჯანაძემ.