სამართალი
გიორგი გვიმრაძე: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ემიჯნება იმ შინაარსს, რომელიც პარტია "ცენტრისტების" რეკლამაშია“

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი  გიორგი გვიმრაძე აცხადებს.

 „ვიზიარებთ იმ შეშფოთებას, რომელიც აქვს საზოგადოებას გასულ უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით. მინდა განვმარტო,  რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა, არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა, მათ შორის ჩარეულიყო მის შინაარსობრივ ნაწილში და კანონმდებლობა ამას ცალსახად გვავალდებულებს. შესაბამისად, რეკლამა განთავსდა ეთერში”, - განაცხადა გვიმრაძემ.

 "მინდა,  ხაზი გავუსვა სამართლებრივ სისუსტეს, რომელმაც აღნიშნული პოლიტიკური რეკლამა გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მსურს, მივმართო  შესაბამის ორგანოებს, რომლებსაც ხელეწიფებათ, გამოასწორონ ეს ხარვეზი - სამწუხაროა, ქვეყანაში არ არსებობდეს სამართლებრივი ბერკეტი,  რომ არ ხდებოდეს ოკუპაციის დაკანონების ტირაჟირება”, - განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

 მკითხველს შევახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძის და თემურ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას და საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას ჰპირდება.

 საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ 2012 წლიდან პარტია „ქართულ ოცნებას“, მიუხედავად საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის მოთხოვნისა – აეკრძალათ ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლეობის წინაარმდეგ მასობრივ დანაშაულში მხილებული სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა, ამისათვის არავითარი სამართლებრივი პროცედურისთვის არ მიუმართავს.