საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: ფატი ხალვაში, ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ასევე დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ბათუმის 68-ე ოლქში - ვახტანგ წულაძე, ბათუმის 69-ე ოლქში - ილია ვერძაძე, ბათუმის 70-ე ოლქში - ნუგზარ სურმანიძე, ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი რომანაძე, ხელვაჩაურში - მერაბ კარანაძე, ხულოში, შუახევსა და ქედაში “ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე.
"ჩვენი განვითარების პროგრამის ქვაკუთხედი გახლავთ თითოეული ადამიანის ძირეული უფლებები და მისი პატივისცემა; ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც არარად აგდებს ადამიანს, მის ღირსებას; არცერთი ხიდი, ესტაკადა, გზა, კოშკი არ ღირს დაჩაგრული ადამიანის დაღვრილ ცრემლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.