საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას დაავალა, განიხილოს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საჩივარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" დაჯარიმებას ეხება.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 31 ივლისს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების წარდგენისას, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის ჩვენებას საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნევს.
კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, ჩაერთოს საარჩევნო აგიტაციაში. საჩივარი საია-მ უსკო-ში შეიტანა, თუმცა კომისიამ სარჩელი არ განიხილა იმ მოტივით, რომ ამ საკითხის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედიოდა.
მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვიტა, რომ უსკო უფლებამოსილია, ამ ტიპის დარღვევების ფაქტები განიხილოს.