ე.წ.თბილისის ომი, რომელიც 15 დღე გრძელდებოდა, სწორედ 6 იანვარს დასრულდა. ზვიად გამსახურდიამ პარლამენტის შენობა გამთენიისას, დაახლოებით 03:30 საათზე დატოვა და აზერბაიჯანისკენ გაემართა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი მომხრეები რამდენიმე მსუბუქ ავტომობილში, ორ ავტობუსსა და სამ ჯავშანმანქანაში ისხდნენ. მეტეხის ხიდთან ოპოზიციის შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ავტობუსებში მსხდომთ შორის სროლა ატყდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა. დამხობილმა პრეზიდენტმა თავშესაფარი აზერბაიჯანის ხელისუფლებას სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის ოფიციალურ მიზეზად მაშინდელი პრეზიდენტის აიაზ მუთალიბოვის პრეს-სამსახურმა ის მოიტანა, რომ გამსახურდიამ და მისმა თანმხლებმა პირებმა აზერბაიჯანის საზღვარი ქვეყნის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გადაკვეთეს. ამის გამო გამსახურდია იძულებული გახდა, განჯიდან სომხეთისაკენ აეღო გეზი. სომხეთში მცირე ხნით ყოფნის შემდეგ მან თავი ჩეჩნეთს შეაფარა.
ამ მოვლენას მთელი რიგი პოკლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა დღეს უძღვნის ბრიფინგებს, პრეს-კონფერენციებს, კრებებს, მიტინგებს...
ერთ–ერთი ასეთი აქცია ჩატარდა რუსთაველის პროსპექტზე, სადაც შეიკრიბნენ საზოგადოება „9 აპრილის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ამას წინათ ჩამოაყალიბეს მოძრაობა „სამშობლო“, რომლის დევიზია „ილიას გზით!“.
იქვე მოეწყო იმპროვიზირებული ფოტოგამოფენა ღია ცის ქვეშ, რომელიც ასახავდა 1992 წლის ტრაგიკულ მოვლენებს.
„ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ ჭეშმარიტ ეროვნულ შერიგებას, კანონიერების აღდგენას, კანონიერებისა და ადამიანის უფლებათა ზეობას. პრიორიტეტები, ანუ განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მოწესრიგება, აფხაზებთან და ოსებთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენა, კეთილმეზობლობის განმტკიცება ყველა ახლო და შორეულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, - ამბობს ბიბილური, - ამისთვის „სამშობლოს“ დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ უნდა დაუბრუნდეთ იმ ეროვნული მოძრაობის საწყისებს, რომლებიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში აღადგინა დიდმა ილია ჭავჭავაძემ, რომელიც შემდგომში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად აღიარა და ეწოდა წმიდა ილია მართალი. ის საქმე, რომელსაც ქართველი ერის მამად წოდებული ილია შეეწირა, XX საუკუნის მიწურულს საკუთარ თავზე აიღეს მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ. მათ მიიყვანეს ქვეყანა ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, მაგრამ ისინიც შეეწირენ ამ კეთილშობილურ საქმეს“.
„მაგრამ ეროვნული გმირების საქმენი და აზრები არ კვდება!.. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაღწიოთ თავი იმ უკანონობისა და ძალადობის მორევს, რომელიც ჩვენში მეფობს“, - აცხადებენ მოძრაობა „სამშობლოს“ დამფუძნებლები.