საზოგადოება
დავით უსუფაშვილი: „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, არ არსებობს!“

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. სამწუხაროდ, დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არის რესპუბლიკური პარტიის კონკურენტი, "ქართული ოცნების" არა მარტო დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, არამედ ლოგოც, სიმბოლოც, ლიდერიც, არჩევნების იმედიც, პროგრამაც და საერთოდ ყველაფერი - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

 „ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მას უნდოდა წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ მოახერხა და ამიტომ არის აი, იმ ვითარებაში, სადაც არის... თუმცა, მე ვიცი და მჯერა, რომ მას უკვე ნამდვილად უნდა წასვლა ამ არჩევნების შემდეგ, იმ როლიდანაც კი, სადაც ამ ეტაპისთვის არის და მე ეს მაწუხებს იმიტომაც, რომ ამომრჩეველმა, რომელიც 8 ოქტომბერს მივა ხმის მისაცემად, კარგად უნდა გაიაზროს, ხმას აძლევს, მაგალითად, რესპუბლიკურ პარტიას უსუფაშვილიან-ხიდაშელიანად და ა.შ. თუ "ქართულ ოცნებას", რომელსაც ნოემბრიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ ეყოლება. პოლიტიკურად "ქართული ოცნება" არ არსებობს. რადგან პოლიტიკურად თუ "ქართულ ოცნებას" გამოვაკლებთ ივანიშვილს, იქ უბრალოდ აღარაფერი დარჩება...

 დარჩება რამდენიმე საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ "ქართული ოცნება" მმართველი პარტია ვეღარ იქნება. ეს ყველაფერი ერთი წუთითაც არ ნიშნავს, რომ მე ვაკნინებ იქ მყოფი ადამიანების მნიშვნელობას. რადგან თუნდაც გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ადამიანი, როგორც პრემიერი, არის ცალკე ღირებულება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.