საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ბაკურიანს ეწვია და სამთო ციგით ისრიალა

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი.  ბაკურიანი ზაფხულის სეზონს სიახლით შეხვდა - დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი - სამთო ციგა, ე.წ. „ტობოგანი“ მოქმედებს. ატრაქციონი პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

 "ბაკურიანში არის სერიოზული ბუმი განვითარების, კოხტაზე უკვე დამონტაჟდა საბაგიროები, მიტარბის მხარეს წელს სეზონისთვის იქნება დასრულებული. კეთდება მართლაც უნიკალური, ძალიან ლამაზ ბუნების ლანდშაფტში ჩაფლული სათხილამურო ტრასები, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ალბათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში.

 ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ ადგილობრივმა ოჯახურმა სასტუმროებმა და მცირე საწარმოებმა მეტი შემოსავალი ნახონ. ბორჯომის სასტუმროებიდან დანიშნული იქნება უფასო შატლი-ავტობუსი, რომელიც ამოიყვანს ტურისტებს როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე", -  განაცხადა პრემიერმა.

 „ტობოგანის“ მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია Tatralift-მა განახორციელა. პროექტი, რომლის ღირებულება 3 000 000 ლარია, სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა.