საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე 10 აგვისტოს ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის პრიზიორი გახდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალური დაპირისპირება იაპონელ მაშუ ბეიკერთან დათმო, რომელმაც ქართველი ძიუდოისტი 1 იუკოთი დაამარცხა.
ფინალში გასვლამდე ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო. საწყის ეტაპზე ტაჯიკეთის და ნაურუს წარმომადგენლების დამარცხების შემდეგ, ლიპარტელიანმა 1/4 ფინალში მონღოლ ლხაგვასურენ ოტგონბაატარსაც სძლია, 1/2 ფინალშიკი მსოფლიოს ჩემპიონი, კორეელი გვაკ დონგჰანი იპონით დაამარცხა.
"ოლიმპიური ჩემპიონობა მართლაც რომ განსაკუთრებით მსურდა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და რიოში მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ასევე ვხედავდი, თუ როგორ განიცდიდა წარუმატებლობას ავთანდილ ჭრიკიშვილი და მსურდა, მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატებას ვუსურვებ, ასევე დიდი მადლობა გულშემატკივარს და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვარლამ ლიპარტელიანმა და ცრემლი ვერ შეიკავა...
ლიპარტელიანის მიერ მოპოვებული ვერცხლი პირველი ოლიმპიური მედალია 27 წლის სპორტსმენის კარიერაში და მეორე მედალი - საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისათვის რიოში. პირველი, ბრინჯაოს მედლის მოპოვება 8 აგვისტოს 73 კგ-ში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო.