პოლიტიკა
„ქართული ოცნების კარი ყველასთვის ღიაა!“ – კახა კალაძე

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრთან და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატთან თამაზ შიოშვილთან თანამშრომლობას "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ. კითხვაზე, დატოვა თუ არა შიოშვილმა ”თავისუფალი დემოკრატები” იმის გამო, რომ ”ქართული ოცნება” მას არჩევნების შემდეგ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტზე დანიშვნას დაჰპირდა, პარტიის გენერალურმა მდივანმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძე განაცხადა:

 „მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც აქვს სწორი ხედვა და იზიარებს იმ პოლიტიკურ გემოვნებას, რომელიც პარტია ”ქართულ ოცნებას” გააჩნია. ასე რომ, ჩვენი კარი დახურული არაა” (შიოშვილი ერთადერთი როდია, ვინც ბოლო კვირაში ალასანიას პარტია დატოვა).

 მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” ასევე მზადაა, მოძრაობა პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” გამიჯნულ პირებთანაც ითანამშრომლოს (ბოლო კვირაში ასეთები ასობითაა):

 „აშკარად იკვეთება ”ნაციონალური მოძრაობისა” და ბურჭულაძის პარტიის ინტერესები. იმ განცხადებებით, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ, ისინი ახდენენ ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებების ციტირებას. აქ ყველაფერი ნათელია”, - განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში.