პუბლიკაციები
გიორგი მარგველაშვილი: "ქართული კანონმდებლობით უკვე დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია"

 საქართველოს პრეზიდენტმა ქორწინების განსაზღვრის თემაზე რეფერენდუმი არ დანიშნა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ საკითხზე 9 აგვისტოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

 „პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ მე დიდ პატივს ვცემ რეფერენდუმს, როგორც პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების მნიშვნელოვან ფორმას და ვთვლი, რომ რეფერენდუმი, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტი იძლევა საშუალებას, პოლიტიკოსებს გაგვაგონოს ხალხის ხმა.

 თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას გულისხმობს რეფერენდუმის კანონი.

 კანონში კი, გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

 მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს.

 რაც შეეხება ამ კონკრეტულ წინადადებას, რომელიც შემოსულია რეფერენდუმთან დაკავშირებით.

 მასში წარმოდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ „ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია“.

 ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას.

 შესაბამისად, თუ არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იყოს კონსტიტუციური ცვლილება, ასეთ შემთხვევაში მე სრულიად ვეთანხმები საქართველოს პრემიერმინისტრს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.